კულისებიდან გამოჩენილი მეგი მუქერია და გიორგი ასანიშვილის მიერ ამღერებული ტაქსის მძღოლი

0
821

პროექტ IJAZZ – „საითნოვა

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „აკუსტიკა“, მომღერალი მეგი მუქერია ჟურნალისტის და დიჯეის ამპლუაში მოგვევლინა. მუსიკალური კომპოზიცია, სადაც მეგი დიჯეის ამპლუაში წარსდგა, საკმაოდ საინტერესოა. აზიურ-ბაიათური ჰანგებითა და ელექტრონული მუსიკის სინთეზით, უცნობი მომღერალი მამაკაცი, საოცარი სინატიფით გადმოგვცემდა წინაპართა სიბრძნეს. ეს ჰანგები იმდენად ორგანულია იმ ადგილისთვის, სადაც ის ისმის, იმდენად ბუნებრივი, თითქოს დროც არ გასულა და ეთნიკურად ისევ ისეთი მრავალფეროვანი, ისეთივე სტუმართ და კაცთმოყვარეა ეს ძველი უბნები, როგორც ადრე. სიმღერა უნებლიედ აღგიძრავთ ნოსტალგიას მრავალფეროვანი ეროვნული ტრადიციების მშვიდ და ნაყოფიერ თანაარსებობაზე. უსმენთ და ფიქრობთ, რომ ეს ჰანგები ზუსტად აქ, დედამიწის იმ წერტილში უნდა ისმოდეს, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ერწყმის და თან ემიჯნება.

პროექტის შესახებ გვესაუბრებიან მომღერალი მეგი მუქერია და გიორგი ასანიშვილი

მეგი, შენი შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოა, დავიწყებ იმით, რომ ძალიან ლამაზი ხარ, საკმაოდ გონიერიც, თითქმის ყველა არტისტული ნიჭითა და შესაძლებლობით გამორჩეული, რატომ არის დიდი პაუზები შენს შემოქმედებით ცხოვრებაში…

ჩემთან მიმართებაში მომღერლობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ხელოვანების ოჯახიდან მოვდივარ: მამაჩემი საკმაოდ წარმატებული ანსამბლის – „დოლური“ – ს სამხატვრო ხელმძღვანელი და მოცეკვავე იყო; დედაც იქ მღეროდა; ბაბუა და ბებია მომღერლები იყვნენ და გასაკვირი არ არის, რომ სმენა აღმომაჩნდა. სიმღერა საკმაოდ პატარამ დავიწყე, მაგრამ პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილების გამო შევწყვიტე და თითქოს გავიყინე. წარსულიდან სიმღერის დიდი სურვილი შემომრჩა. შინაგანად სულ მინდოდა სიმღერა, თითქმის წლები ვიცხოვრე იმ განცდით, რაღაც შენეული რომ გენანება, გენატრება და გაკლია…

მრავალი წლის შემდეგ სიმღერის სურვილმა, მძლავრი ტალღებივით შემომიტია და ჩემთვის დავიწყე სიმღერა. ამავე პერიოდში, ძალიან მოვინდომე და მოყვარულის დონეზე ვისწავლე ე.წ. დიჯეინგი. მე თვითონ ტრეკებს არ ვწერ, ასეთი მაგარიც არ ვარ. ვუკრავდი და ვმღეროდი სხვადასხვა კლუბში. ამავე პერიოდში მომიწია რამდენიმე პროექტში ძალიან კარგ დიჯეებთან მუშაობა. ერთ-ერთი ტექნიკაა დიჯეი სეტი, როცა დიჯეი უკრავს რაღაც სეტს და მე ვადებ ვოკალს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქებშიც მომიწია გასვლა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმის მინდა ავღნიშნო, რომ ხმამაღალი ნათქვამია, ჩემი მომღერლობაც და დიჯეობაც. 

რა არის მიზეზი იმისა, რომ ამ ასპარეზზე მეტი წარმატებისთვის ბრძოლას არ ცდილობ, მით უფრო, ამისთვის თითქმის ყველაფერი გაქვს?

ყველაფერი მაქვს ერთია და მეორეა მინდა თუ არა წარმატება. ან რას ვეძახით წარმატებას? შემოქმედებითი კუთხით თუ მივუდგებით, მრცხვენია ჩემს თავს მომღერალი ვუწოდო, რადგან არასდროს მიფიქრია სერიოზულად, არ მიზრუნია და არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ისეთივე ცნობადი სახე, როგორიც დღეს ბევრია. არ ვიცი, გნებავთ სიზარმაცე დაარქვით, გნებავთ კომპლექსი, ანდაც – საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები სულ მქონდა და დღემდე მაქვს, არასოდეს არც ერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, შეგნებულად არ გავდივარ, რადგან ჩემნაირი ადამიანისთვის აზრი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ გზით არც არავის მიუღწევია წარმატებისთვის, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ მუსიკოსი ვერ ვითარდება. კარგით, ვთქვათ, გავედი კონკურსზე და მოვიგე 10 000 ლარი და მერე რა ხდება? – ხდება ის, რომ მივდივარ რესტორანში და იქ ვიწყებ სიმღერას. ნიჭიერი და განვითარებადი მომღერლები საქართველოში არ მოღვაწეობენ და თუ მოღვაწეობენ, ძალიან ცუდად არიან.

ბოლო დროს, ელექტრონულმა მუსიკამ გამიტაცა ძალიან. დღეს ელექტრონული მუსიკა ძალიან სტიგმატიზირებულია, ბევრისთვის ის კლუბურ მუსიკასთან ასოცირდება, რაც მცდარი შეხედულებაა.  ეს მხოლოდ კლუბური მუსიკა არ არის. ძალიან ბევრი მიმდინარეობა არსებობს, რომელიც ელექტრონული მუსიკის შტრიხებს შეიცავს და ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კლუბურ მუსიკაზეა გათვლილი. ელექტრონული მუსიკა იმდენად განვითარებადია და მრავალფეროვანი, როგორც კი იჯერებ, რომ რაღაც ამოწურე, აღმოჩნდება, რომ კი არ ამოწურე, არამედ სულ სხვა დონეზე გადახვედი. 

მოგვიყევი პროექტ „იჯაზის“ „საიათნოვას“ შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ვიხილეთ. საიდან გაჩნდა ასეთი საინტერესო იდეა?

ეს არის ელექტრონული მუსიკისა და ბაიათის სინთეზი, რომელიც მართლაც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სიმღერის ავტორი გიორგი ასანიშვილია. საზოგადოებამ ის პოზიტიურად მიიღო და დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის, ამ სიმღერის შექმნას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. კლიპში ბატონი ედუარდ სააკაძე მღერის, რომელიც არ გახლავთ მომღერალი, იგი ტაქსის მძღოლია. ბატონ ედუარდს უყვარს საიათნოვა და თუ გაუმართლა და საინტერესო მგზავრი შეხვდა, უმღერის ხოლმე. სწორედ ასე, სრულიად შემთხვევით, უმღერა გადაცემა „აკუსტიკის“ პროდიუსერს გიორგი ასანიშვილს და სიმღერის ამ ფორმით და ამ სინთეზის შექმნის სურვილი და იდეა გიორგი ასანიშვილს სწორედ მაშინ გაუჩნდა.

გიორგი ასანიშვილი – ხმის რეჟისორი, მუსიკალური პროდიუსერი, გადაცემა „აკუსტიკის“ ავტორი და რადიო „უცნობის“ დამფუძნებელი 

გიორგი თქვენ ხართ გადაცემა „აკუსტიკის ავტორი“, რომელიც თავიდანვე რეიტინგული გადაცემების სიაში მოხვდა და მადლობა, რომ ასეთ გემოვნებიან გადაცემას გვთავაზობ. რომ მოგვიყვეთ, როგორ გაჩნდა პროექტ „იჯაზის“ „საიათნოვას“ იდეა?

როდესაც საუბარი დაიწყო მუსიკალური სატელევიზიო გადაცემის გაკეთებაზე, დარწმუნებით ვიცოდი, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. გადაცემის კონცეფცია თავიდან ბოლომდე ცოცხალ მუსიკაზე უნდა ამეწყო. მთელი ცხოვრება მუსიკის სფეროში ვტრიალებ და მიმაჩნია, რაც ყველაზე კარგად იცი, ის უნდა აკეთო. გადაცემით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ და წესით არც უნდა ვიყო, იმიტომ, რომ ყოველთვის მეტი უნდა გინდოდეს და მგონია, რომ კიდევ ბევრი ენერგია მაქვს ჩასადები.
რაც შეეხება „საიათნოვას“, ეს „აკუსტიკამდე“ ბევრად უფრო ადრე, რადიო „უცნობის“ პერიოდში დაიწყო. რადიოში დარეკა ერთმა კაცმა სახელად ედუარდმა, რომელიც ჩვენი მსმენელი იყო და პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, უცბად სიმღერა დაიწყო. ისე კარგად მღეროდა, ცოტა გამიკვირდა. გამოვკითხე: ვინ იყო, რას საქმიანობდა და ჩემდა გასაკვირად, ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა. ვთხოვე ჩვენთან სტუდიაში მოსულიყო. მოვიდა საკმაოდ ასაკოვანი, დაახლოებით 70 წლის თბილისელი კაცი. მღეროდა ძალიან კარგად, შემდეგ გავუკეთე პროდუსინგი, არანჟირება და გავაკეთეთ ერთი ალბომი, რომელიც ფაქტიურად არ გამომიცა.

რატომ ვერ იხილა დღის სინათლე ალბომმა, რომელიც სავსე იქნება ისეთივე ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკით, როგორიც უკვე მოვისმინეთ?

ალბომი სახლში მიდევს და უკეთეს დროს ელოდება – იმ დროს, როდესაც საქართველოში ხალხი მუსიკით დაინტერესდება. დღეს, ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა. ბნელ 90-იან წლებშიც კი მეტი ქართული ჯგუფი იყო და უფრო ხარისხიანად მღეროდა ქართულ ენაზე, ვიდრე დღეს. დღეს ბევრად ნაკლები ჯგუფია და ყველა ცდილობს ინგლისურად იმღეროს, მიმაჩნია, რომ მათი შემოქმედება მუსიკალურადაც ძალიან ღარიბია. ველოდებით რაღაც ახალ ტალღას, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ წამოვა და ახალი მოძრაობის დაწყებას დაუდებს სათავეს.

მასალა მოამზადა ელენე ელბაქიძემ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი