თამარ მიქანაძე პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა ამ პროფილით წლებია არ უმუშავია. როგორც თამარმა გვითხრა, ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე და ერთი ქალიშვილი ლილესია. თამარის თითოეული ხელნაკეთი სამკაული, გემოვნებით და მაღალი ოსტატობითაა შესრულებული, მის კონცეფციაზე სათითაოდ არის ნაფიქრი. 1 წელია, რაც სუტაჟით დაინტერესდა და უმალ მიიპყრო ექსკლუზიური და გამორჩეული სამკაულების მოყვარული ქალბატონების ყურადღება. თამარი სამკაულებს შეზღუდულად ქმნის, არცერთი არ მეორდება და ამიტომ მიაჩნია, რომ მის სამკაულებში ყველა ქალბატონი საკუთარ თავს იპოვის. T.M სამკაულები

თამარ მიქანაძე: ხელსაქმისადმი ინტერესი ბავშობიდან მომყვება, რაც დედის გავლენაა. დედის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად (ექთანია პროფესიით), ყოველთვის იცლიდა ხელსაქმისთვის და მეც დიდი გულმოდგინებით ვერთვებოდი ამ პროცესში. ბავშვობაში მახსოვს,როგორ დავჭერი დედის მოქმედი ლაბადა და თოჯინას ლაბადა შევუკერე. ხელსაქმეს რომ მოვრჩი, მაშინღა გავაცნობიერე ჩემი ქმედება და ავფორიაქდი, ვიფიქრე, რომ ამის გამო დავისჯებოდი, თუმცა სხვაგვარად მოხდა – ჩემმა შეკერილმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეპიზოდმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. პირველ რიგში, შემაყვარა საქმე, რომელიც ჩემ ხელებს გამოსდის და მეორე, როდესაც რაიმე ახლის გაკეთებას ვიწყებ, შიში არ მაქვს – ვიცი, რომ გამომივა.

ბოლო წლებია, რაც სუტაჟით დავინტერესდი. რაც მომწონს და მიზიდავს ამ მასალაში, ესაა მრავალფეროვანი ფერთა გამა და მრავალფეროვანი დიზაინის სამკაულის შექმნის საშუალება. ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და პარალელურად ამ საქმის კეთება დავიწყე ჰობის დონეზე, მაგრამ როდესაც ჩემი პატარა ლილესია მოევლინა ამ ქვეყანას, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ბავშვის გაზრდაში მთლიანად ჩავერთე, მომიწია უფრო მეტი დროის სახლში და ბავშვთან ერთად გატარება, დაიწყო უძილო ღამეები და ლამაზი სამკაულების შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობდი, სახლში ჩაჯდომას არ დავუთრგუნივარ. რა თქმა უნდა, მეც მქონდა მშობიარობის შემდგომი დეპრესია, როდესაც აანალიზებ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი „უდარდელი“ ეტაპი დაამთავრე, აღარ ხარ მარტო და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახლა ამ პატარა არსების ზრდა-განვითარებაზე გაკისრია. შვილი ეს არის ადამიანი, რომელიც შენს მიზანს ასტიმულირებს და გეხმარება მიზნის სწორად დასახვაში. ამ დროს ძალიან დამეხმარა ჩემი შინაგანი ძალა, მთავარია ვიყოთ ოპტიმისტები, აღმოვაჩინოთ ჩვენი უნარები და გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოთ.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში სუტაჟზე მუშაობა ერთგვარი არტ თერაპიაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარას დიდი ენერგია სჭირდება, მაინც ვანაწილებ დროს ისე, რომ ვიმუშაო ჩემ საყვარელ საქმეზე. ამაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩემი ოჯახის წევრებსაც, ისინი საშუალებას მაძლევენ, რომ პერიოდულად გამოფენებზეც მივიღო მონაწილეობა.

შემოდგომა და გაზაფხული წლის ის დროებია, როდესაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, ეს აისახება კიდეც ჩემს სამკაულებში. შევნიშნე, რომ მომხმარებელი გაურბის რამდენიმეფერთა გამის ერთად არევას. ძირითადი აქცენტი კონკრეტულ ფერებზე აქვთ. ძალიან შრომატევადია ამ მასალაზე მუშაობა, აქედან გამომდინარე ფასებიც ცვალებადია, ბუნებრივია, გააჩნია ნაყშის (ე.წ.„უზორი“) სირთულეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფასები საშუალოდ 30 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს.

ძირითადად, შეკვეთები მაქვს, ხშირად უცხოეთში წასაღებად, სასაჩუქრედ იძენენ. მამაკაცები ყიდულობენ თავიანთი საყვარელი ქალბატონებისთვის, ერთ-ერთ გამოფენაზე, ჩემი ნამუშევარი ჰიჯაბიანმა ქალბატონმაც კი შეიძინა. საერთო ჯამში, კმაყოფილია მომხმარებელი. აი, ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ კიდევ გააგრძელო ის საქმე, რომელიც გულით გიყვარს.

ბედნიერი მომხმარებელი, რომელიც შენს სამკაულს ატარებს და თავს იწონებს სხვადასხვა ღონისძიებაზე. ეს მაძლევს მოტივაციას კიდევ ბევრი ულამაზესი სამკაული შევქმნა ქალბატონებისთვის. ახლო მომავალში დაიდება ახალი კოლექციაც, დღეს ბაზარზე უკვე ბევრი აკეთებს ამ მასალისგან სამკაულებს, მაგრამ კონკურენციის არ მეშინია, რადგან თითქმის ყველა მოდელი არის ექსკლუზიური, გამოყენებულია ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ქვები. არასდროს არ ვიცი წინასწარ სამკაულის დიზაინი, ის კეთების პროცესში იქმნება. იმდენად მრავალფეროვანია სუტაჟზე მუშაობა, უამრავი იდეა მოგდის და ასე იქმნება ეს ულამაზესი სამკაულები. ახლა ვმუშაობ ერთ საინტერესო კოლექციაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული და ახალი, რაც არავის გამოუყენებია.

 

5 გამოხმაურება

  1. შესანიშნავი ნამუშევრებია..წარმატებები და სიხარული მრავალი 💕💕

  2. თამო საოცარი ადამიანი ხარ და მინდა გისურვო დიდი წარმატებები შენს საქმიანობაში ❤❤❤😍😍😍

  3. ულამაზესი ნამუშევრებია . ძალიან მომწონს . ის განსაკუთრებული გემოვნებით და სილამაზით გამოირჩევა … წარმატებები …

  4. ძალიან გემოვნებიანი გოგოს სუპერ ულამაზესი ნამუშევრები <3

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი