რა უნდა ვიცოდეთ და რას უნდა ვითვალისწინებდეთ საპნის ყიდვისას

0
378

ადამიანის კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და რასთანაც იგი კონტაქტში შედის, იმის 60%-ს იწოვს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, რა ჰიგიენური საშუალებებით ვუვლით თავს?

ქარხნული და ნატურალური საპონი

რას წარმოადგენს ქარხნული საპონი და რისგან მზადდება იგი? ეს არის ხორცის წარმოების ნარჩენები და იაფფასიანი მცენარეული ზეთები, რომელსაც ემატება დეტერგენტები, ანუ სინთეტური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (SLS, SLES). თავის მხრივ, ისინი ძლიერი სარეცხი საშუალებებია და ძლიერ აშრობენ კანს. საპონს აცილებენ გლიცერინს, რომ გაზარდონ მისი შენახვის ვადა. უმატებენ კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს (EDTA), ანტიბაქტერიულ კომპონენტებს (ტრიკლოზანი), მჟავიანობის რეგულატორებს და იაფი, ლამაზი, მკვეთრი სუნის და ფერის საპონი მზადაა.

ორიოდე სიტყვით სინთეტური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების შესახებ – Sodium Lauryl Sulfate (SLS) და Sodium Laureth Sulfate (SLES) – იაფფასიანი სარეცხი საშუალებებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტუალეტის საპნის, შამპუნების, შხაპის გელების, კბილის პასტების და სხვათა წარმოებაში.

ზემოაღნიშნული ნივთიერებები კანზე ზემოქმედების შემდეგ სრულად არ ჩამოიბანება, რაც შესაძლოა გახდეს კანის გაღიზიანებისა და თმების დაზიანების მიზეზი. უფრო მეტიც, SLS და SLES რეაქციაში შედიან კოსმეტიკური საშუალების სხვა კომპონენტებთან, რეაქციის შედეგად მიღებული პროდუქტები ხასიათდებიან კანცეროგენული მოქმედებით და, სამწუხაროდ, კანის გავლით აღწევენ ორგანიზმში.

პოტენციური საფრთხის შემცველია კონსერვანტები, მათ შეიძლება გამოიწვიონ ალერგია, დააზიანონ კანის ბუნებრივი საფარი. კანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიბაქტერიული კომპონენტები, რომლებიც ერთნაირი წარმატებით ანადგურებენ როგორც ადამიანისათვის საფრთხის შემცველ, ასევე კანის ბუნებრივ მიკროფლორასაც. აქედან გამომდინარე ქარხნული საპნით სარგებლობა კანს კიდევ უფრო დაუცველს ხდის პათოგენური მიკროორგანიზმების ზეგავლენისაგან.

 

ნატურალური საპონი მზადდება ხელით და მასში გამოიყენება მხოლოდ ნატურალური, გასუფთავებული მცენარეული ზეთები, მათ შორის, ძვირფასი კოსმეტიკური და სამკურნალო ცხიმებიც. საპნის ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ემატება: მცენარეული გლიცერინი, აბრეშუმი, სამკურნალო მცენარეების ნაყენი, არყის ხის კუპრი, თაფლი, კაკაო, რძე, შვრიის ფქვილი, ლუდი, ღვინო, ნატურალური ეთერზეთები. ეს უკანასკნელი, გარდა სასიამოვნო არომატისა, დამატებით სასარგებლო თვისებებს ანიჭებს საპონს. უფრო მეტიც, ეთერზეთს შეუძლია საპონი სამკურნალო გახადოს (ბევრი ნატურალური დანამატი, რომლებიც საპონში გამოიყენება, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით).

ნატურალურ საპონს არ ემატება სინთეტური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, სტაბილიზატორები და კონსერვანტები. სწორად შერჩეული რეცეპტის შემთხვევაში, კონსერვანტის გამოყენება უბრალოდ საჭიროც აღარ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატურალური საპონი ბიოდეგრადირებადია და გარემოს ზიანს არ აყენებს ქარხნული საპნისაგან განსხვავებით, რომლის შემადგენლობაში არსებული აგრესიული დანამატები სერიოზულად აბინძურებს გარემოს.

თუმცა ყველა საპონი, რომელიც ნატურალურის სახელით იყიდება ბაზარზე, ნატურალური არ არის. მაგალითად, საპონი ფუძეზე, რომლის დასახელებაშიც სიტყვა – ხელნაკეთს – ხშირად შეცდომაში შეჰყავს მომხარებელი და ის ხელნაკეთს აიგივებს ნატურალურთან, მით უმეტეს, რომ ასეთ საპნებს ხშირად უმატებენ ისეთ ნატურალურ დანამატებს, როგორიცაა მცენარეების ფოთლები ან ყვავილის ფურცლები, კოსმეტიკური ცხიმები ან ეთერზეთები.

საპნის ფუძე მზა ქარხნული საპონია. იგი შეიცავს მხოლოდ იაფფასიან მცენარეულ ცხიმებს; კარგად ქაფდება მასში დეტერგენტების (SLS, SLES) არსებობის გამო; შეიცავს დიდი რაოდენობით სპირტს (უკეთეს შემთხვევაში ეთილის სპირტს, უარეს შემთხვევაში – იზოპროპილის სპირტს); შეიცავს სასარგებლო გლიცერინს; გამჭვირვალეა, რაც იძლევა საშუალებას, რომ მას ნებისმიერი ფერი მიეცეს.

საპნის ფუძეს ემატება სხვადასხვა კოსმეტიკური ცხიმი და სასარგებლო დანამატი, საკვები საღებავები, სინთეტური არომატიზატორები და მიიღება მკვეთრი, ლამაზი და სასიამოვნო საპონი. რა თქმა უნდა, ასეთი საპონი ქარხნული წესით დამზადებულზე მეტად სასარგებლოა, თუმცა ის მაინც შეიცავს ქარხნული საპნის მავნე კომპონენტებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი