ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს, რაც ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპებს შეესაბამება და, რაც მთავარია, მივაწოდო მომხმარებელს ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტური მოვლის საშუალებები

0
331

ბუნებრივი კოსმეტიკა, როგორც მომხმარებელს, ყოველთვის აინტერესებდა. პირველი ბუნებრივი საპონი სტუდენტობის დროს დაამზადა და მოგვიანებით, ბიოფიზიკოსმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნატალია გუბელაძემ, თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებების თავისი ხაზიც გამოუშვა – იგი დღეს კომპანია „ბაქსი ნატურალეს“ დამფუძნებელი და დირექტორია.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორ აქციეთ თქვენი გატაცება ბიზნესად?

– ჩემი პირველი ბუნებრივი საპონი შორეული სტუდენტობის დროს დავამზადე, თუმცა ეს მხოლოდ სასწავლო პროცესის ნაწილი იყო – ორგანული ქიმიის ლაბორატორიული სამუშაო. მეორე მხრივ, ჩვენი ოჯახისთვის უცხო არ იყო ბუნებრივი საპნის მოხმარება – ჯერ კიდე ბაბუა, ომის შემდგომ პერიოდში სახლში ამზადებდა საპონს, თუმცა მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის.

ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ ვხვდებოდი, თავად ვყიდულობდი ბუნებრივ საპონს ან თუ ვინმე ახლობელი მიდიოდა, მის ჩამოტანას ვაბარებდი. ერთხელაც ისე მოხდა, რომ მთელი ჩამოტანილი საპნის მარაგი ამოვწურე, ხოლო ვარიანტი, რომ ვინმე უახლოეს მომავალში ჩამოიტანდა -არ იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, თვითონ დამემზადებინა. შედეგი ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა – ჩემი დამზადებული გაცილებით კარგი და ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე ძვირადღირებული და ჩამოტანილი საპონი.

2014 წელს გადავწყვიტე, რომ ეს საქმე ჩემს ბიზნესად მექცია. თავიდან დავიწყე მხოლოდ საპნების დამზადება. მას შემდეგ, რაც საკმაოდ მრავალფეროვანი და ეფექტური ნედლეული შევიძინე, მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო ასორტიმენტის გაფართოება და დავიწყეთ უკვე კოსმეტიკური კრემების და თავის მოვლის სხვა საშუალებების დამზადებაც.

რა ასორტიმენტი გაქვთ, სად ამზადებთ და ხელნაკეთია თუ არა თქვენი პროდუქცია?

ჩვენს პროდუქციაში გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები. ეს არის გერმანული, იტალიური და ფრანგული წარმოების კოსმეტიკური ზეთები და ეთერზეთები. მაღალი ხარისხის ბუნებრივი აქტიური დანამატები, რომელთა საფუძველზეც ვამზადებთ კოსმეტიკურ და სამკურნალო საპნებს. კანის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკური კრემები მზადდება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მამაკაცებისთვის სპეციალურად მზადდება თმის და წვერის მოვლის საშუალებები. ვუშვებთ ცხოველების მოვლის ბუნებრივ საშუალებებსაც.

რამდენად რთულია ქართული ბაზრის ამ სეგმენტში თავის დამკვიდრება? რა სახის სირთულეების გადალახვა დაგჭირდათ და ახლა რა ვითარებაა ამ კუთხით?

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს „ფარმაცევტული სახლი“ და „ავერსი“, რომლებიც დაგვთანხმდნენ ჩვენი პროდუქციის თავიანთი აფთიაქების ქსელში გაშვებაზე, რაც ჩვენი პირველი სერიოზული შეკვეთა და დიდი სიამაყე იყო. სწორედ ამ ორი არაჩვეულებრივი კომპანიის მხარდაჭერით ჩვენი პროდუქცია მთელს საქართველოში გავრცელდა.

თანამედროვე ბაზარზე თავის დამკვიდრება ნამდვილად ძნელია. საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ბიუჯეტური და დაბალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებებითა და კოსმეტიკით, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიების აგრესიული რეკლამით. ჩვენი შეზღუდული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ტელე და გარე რეკლამას ვერ ვაკეთებთ, რის გამოც გვიჭირს ცნობადობის ამაღლება. ამასთან, ძვირფასი და ძვირადღირებული ბუნებრივი ნედლეული აძვირებს საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებას, რომლის ფასი, ხშირ შემთხევაში, უბრალოდ გაუგებარია მომხმარებლისთვის.

ამ გადმოსახედიდან რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?

– ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვაკეთო ის, რაც მაინტერესებს, რაც ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპებს შეესაბამება და, რაც მთავარია, მივაწოდო მომხმარებელს ნამდვილად უსაფრთხო და ეფექტური მოვლის საშუალებები. ეს უკვე შედეგია, თუმცა ბევრი რამის დახვეწა შეიძლება და ბევრი სამუშაოა ბრენდისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ასამაღლებლად. იდეები, რეცეპტები, სურვილები უამრავია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ქართველ მომხმარებელს მივაწოდებთ სხეულის მოვლის ბუნებრივი და ძალიან ეფექტური საშუალებების სრულ ასორტიმენტს.

ვისზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა „ნატურალეს“ კოსმეტიკური საპნები?

– ჩვენი მომხმარებელი არის ყველა, ვინც გააცნობიერა თუ რამდენად საზიანოა სხეულის მოვლის ქიმიური საშუალებები. მომხმარებელს უკვე ესმის, რომ მხოლოდ ბუნებრივი მოვლის საშუალებებს შეუძლია უსაფრთხოდ დაიცვას და მოუაროს კანს, დიდი ხნით შეუნარჩუნოს მას სილამაზე და ჯანმრთელობა. სწორედ ეს არის ის მიზეზები, რის გამოც მომხმარებელმა „ნატურალეს“ პროდუქცია უნდა აირჩიოს და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი ქვეყენაში ყოველდღიურად იზრდება.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი