ნონა ხიდეშელის მესიჯი

0
4367

რომ მიიღო,  ჯერ უნდა გაიგო, რომ გაიგო – უნდა აზროვნებდე, აზროვნებდე საკუთარი აზრებით ნონა ხიდეშელის მესიჯი

,,ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მერაბთან საუბრისას ვახსენე ჩვენი ყოფილი კოლეგა ფილოსოფიის ფაკულტეტიდან და დავძინე, რომ მას ჩამოსართმევად არავინ უწვდის ხელს. მერაბმა კი (ღმერთო ჩემო, ის ხომ მაშინ ოცდაათი წლისაც არ იყო) უბრალოდ თქვა: როგორ შემიძლია მას ხელი არ ჩამოვართვა, თუკი ის, მე ვარ? საკუთარ ფილოსოფიურ აზროვნებაში ფილოსოფოსი“. ეს, მერაბ მამარდაშვილის მეგობრის, ფილოსოფოს ალექსანდრე პიატიგორსკის მოგონებებია მასზე.

ალბათ, ბანალურია იმაზე ფიქრი, თუ რატომ ვერ მიიღეს იგი. რომ მიიღო, ჯერ უნდა გაიგო, რომ გაიგო – უნდა აზროვნებდე, აზროვნებდე საკუთარი აზრებით. ის რეალობა კი რაც ჩვენ გვაქვს დღემდე, სწორედ ამ „აზრის“ არარსებობაზე მიანიშნებს. არ მიყვარს ამ მასშტაბის მოაზროვნეების ნაციონალიზაცია, მსოფლიოს ჰყავდა ისეთი მოაზროვნეები, რომლებიც ვერ იქნებიან ერთი რომელიმე კულტურის ნაწილნი, თუმცა ამოიზარდნენ კონკრეტული კულტურიდან, მაგრამ მათი ცნობიერება დიდი ხანია გასცდა რაიმე საზღვრულს, მათ დაბადეს საკუთარ თავში ახალი ადამიანი. როგორც თავად მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, „ის რაც მე ვიცი, მე არ მეკუთვნის, მე მხოლოდ ის მეკუთვნის, რაც ჩემგან ამოიზარდა და ეს არის ერთადერთი გზა რეალობისკენ, რომელიც მუდამ სხვაგვარია“.

და მაინც… ვის შეიძლება ვუწოდოთ მოაზროვნე? ალბათ, ვინც ჯერ თავად დაინახა სარკეში საკუთარი სიშიშვლე. მხოლოდ ამ სიშიშვლეში ხვდები, რომ სხვა შენ ხარ.  „ადამიანი თვითონ უნდა დაუზავდეს საკუთარ თავს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჯერ ომი გამოუცხადოს, რადგან შემდგომ აუცილებლობით მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და სხვებს აღარ ებრძოლოს. საკუთარი თავის არმიღება კი, ომსა და რევოლუციისკენ უბიძგებს, სინამდვილეში ადამიანს სხვისი კი არა, საკუთარი თავის არმიღება უჭირს“ – (მ.მ).

რამდენ უბედურებას აიცილებდა დედამიწა, ადამიანს ამ სიტყვების აზრი რომ ესმოდეს. ესმოდეს, ანუ აცნობიერებდეს, ამ ველში აზროვნებდეს. მაშინ ხომ გაიხდიდა არქაული ადამიანი „ინტელექტუალის“ მანტიას და ჭეშმარიტად აზროვნებას დაიწყებდა, სადაც აზრის შინაგანი წყარო დანგრეული არ არის. საკუთარი აზრით აზროვნება, აი რა უნდა ისწავლებოდეს ყველგან და არა ის მკვდარი ტექსტები, რაც ზომბებად გვაქცევს და გვაიძულებს იმ წერტილში დავრჩეთ, რომელშიც „არა თუ ვერ აღწევს ცოდნა, არამედ სადაც აკრძალულია ცოდნა… ყველაზე საშინელი მარადიული სიკვდილია, სიკვდილი, რომელიც მუდმივად ხდება“ – (მ.მ).

ასეთია განპირობებული გონება, ის ჭაობია, „ეს დაკარგული დროა, ყველა უსიცოცხლო მომენტის დრო, როდესაც შეგეძლო გეცხოვრა, მაგრამ არ გიცხოვრია. ნიშანი მოგეცა, მაგრამ ხელიდან გაუშვი, რადგან არ შეჩერდი და არ შრომობდი, შრომა კი ეს სიცოცხლის აქტის აღდგენაა, რადგან ჩვენ ხომ საკუთარ თავთან მიმართებაში ვკვდებით“ – (მ.მ).  შეზღუდული ცნობიერების საკანში გამოკეტილი ადამიანი მანამდე იქნება ასე, სანამ საკუთარი სიბნელე არ აიძულებს გაიღვიძოს, რადგან გაღვიძება უსაფრთხოების დაკარგვას ნიშნავს.

  • გაიღვიძო ნიშნავს იმოქმედო, დამოუკიდებლად, მარტო;
  • გაღვიძება ნიშნავს ფიქრი დაიწყო, ვინ ხარ, რისთვის იბრძვი, რას ეძებ;
  • გაღვიძება ნიშნავს იცხოვრო საკუთარ განცდებში, საკუთარი ცხოვრებით;
  • გაღვიძება ნიშნავს უარყო ყოველგვარი იდეოლოგია, ბელადი ავტორიტეტი, ღმერთები ცაში, რაც ასე ხელს უშლის უსაფრხო ძილს;
  • გაღვიძება ნიშნავს გაიგო, რომ ჭეშმარიტება მართლაც სამშობლოზე მაღლა დგას.

განპირობებულ გონებას ყველაზე მეტად უცნობის ეშინია, უცნობი სინათლეა, სინათლის შემოსაშვებად კი „ძალიან გადაღლილი უნდა იყოთ და არაფერი არ უნდა იცოდეთ, ჩვენ კი ყოველთვის მეტისმეტად ბევრი ვიცით წყვდიადამდე… არსებული ცოდნა ყველაზე ხშირად უკვე სტერეოტიპია და ჩვენს ცოცხალ აზრს, ცოცხალ გრძნობას მოკლებული. ეს არის დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“ – (მ.მ).

და რა არის სიცოცხლე, რა არის ის, რასაც სინამდვილეში ასე უფრთხის ადამიანი? სიცოცხლე ეს მუდმივი პროცესია დაბადებისა და განახლების, სიცოცხლე ეს საკუთარი აზრის წვდომაა, სადაც არც ხვალ არსებობს და არც გუშინ, ეს თვითმყოფადი არსებობაა უბრალოდ არსებობისთვის. ამასთანავე, ეს მუდმივი ნგრევაა გუშინდელის, არსებულის, დაწერილის, დადგენილის. ახალი ცოცხალი აზრი სტიქიას გავს, ის გზადაგზა ყველაფერ არსებულს ანადგურებს და ხშირად მიმართულებასაც ცვლის. სიბრმავე გაიძულებს ებრძოლო ყველას, ვინც სარკესთან დგომას გაიძულებს, ვინც გაიძულებს დაინახო რეალობა, რომელიც მუდამ სხვაა და არაფრით ჰგავს შენს ზმანებას, იმას, რასაც მიეჩვიე და გგონია უსაფრთხოებას განიჭებს, სინამდვილეში ეს ის ურჩხულია, რომელიც ემბრიონის მდგომარეობაში გამყოფებს, რათა არ დაბადო ახალი სამყარო, სიცოცხლე, შემოქმედებითობა. რათა არ გაბედო და თავად არ გახდე ღმერთი. მოაზროვნე ადამიანები კი მუდმივად განახებენ (და არ გასწავლიან) საკუთარი განვლილი გზით, რომ შენ არ ხარ რაოდენობა, არ ხარ მხოლოდ მიზეზი. შენ ხარ ერთი, მთლიანი, შენ ხარ მიზეზიც და მიზანიც, ხოლო ცხოვრება არაა ის, რისთვისაც იბრძვი, ცხოვრება არც წარსულია და არც მომავალი, ის ამ ყველაფრის მიღმაა. რთულია გაიღვიძო იქ, სადაც ყველას სძინავს, რადგანაც

„ვისაც მოუწია ფილოსოფოსად ყოფნა ის უკვე უცხოა“ – (მ.მ).

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი